ჰოლანდიის მთავრობა სენატის არჩევნებში სავარაუდოდ, უმრავლესობას დაკარგავს
ჰოლანდიის მთავრობა მაისში დაგეგმილ სენატის არჩევნებში უმრავლესობას დაკარგავს. ამაზე მეტყველებს შედეგები, რომელიც გუშინ, 20 მარტს ქვეყანაში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა გამოკვეთა.
პირველადი შედეგებით, რომელიც ბიულეტენთა 60 %-ის მონაცემებს ასახავს, პარტია „ფორუმი დემოკრატიისთვის“ სენატში უმსხვილესი პარტია გახდება. მისი ლიდერი ტიერი ბოდე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მსგავსად, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მომხრე და ლოზუნგის „ჰოლანდია უპირველეს ყოვლისა“ მხარდამჭერია.
უტრეხტში განხორციელებულ თავდასხმაზე გამოხმაურებისას, ტიერი ბოდემ განაცხადა, რომ მიზეზი მთავრობის სუსტი საიმიგრაციო პოლიტიკა იყო.
პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ სენატში ერთ მანდატს დაკარგავს და 12 ადგილს დასჯერდება. საერთო ჯამში კი, მის კოალიციას 7 მანდატის დათმობა მოუწევს და მხოლოდ 31 ადგილს მიიღებს, რაც 75-წევრიან სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი არ არის. ასევე 12 ადგილს მოიპოვებს „ფორუმი დემოკრატიისთვის“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები ოფიციალურად ცნობილი 25 მარტს გახდება. სენატის არჩევნები კი, 27 მაისს გაიმართება.