ჰოლანდიის მთავრობა სენატის არჩევნებში სავარაუდოდ, უმრავლესობას დაკარგავს

10:52, 21.03.2019

ჰოლანდიის მთავრობა მაისში დაგეგმილ სენატის არჩევნებში უმრავლესობას დაკარგავს. ამაზე მეტყველებს შედეგები, რომელიც გუშინ, 20 მარტს ქვეყანაში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა გამოკვეთა.

პირველადი შედეგებით, რომელიც ბიულეტენთა 60 %-ის მონაცემებს ასახავს, პარტია „ფორუმი დემოკრატიისთვის“ სენატში უმსხვილესი პარტია გახდება. მისი ლიდერი ტიერი ბოდე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მსგავსად, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მომხრე და ლოზუნგის „ჰოლანდია უპირველეს ყოვლისა“ მხარდამჭერია.

უტრეხტში განხორციელებულ თავდასხმაზე გამოხმაურებისას, ტიერი ბოდემ განაცხადა, რომ მიზეზი მთავრობის სუსტი საიმიგრაციო პოლიტიკა იყო.

პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ სენატში ერთ მანდატს დაკარგავს და 12 ადგილს დასჯერდება. საერთო ჯამში კი, მის კოალიციას 7 მანდატის დათმობა მოუწევს და მხოლოდ 31 ადგილს მიიღებს, რაც 75-წევრიან სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი არ არის.  ასევე 12 ადგილს მოიპოვებს „ფორუმი დემოკრატიისთვის“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები ოფიციალურად ცნობილი 25 მარტს გახდება. სენატის არჩევნები კი, 27 მაისს გაიმართება.

 

მსგავსი