ჰოლანდიელი ფეხბურთელი გუნდიდან „აიაქსის“ მატჩზე დასწრების გამო გარიცხეს
ჰოლანდიის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე ტელსტარის ფეხბურთელი ჯორდი ვან დერ ლაანი კლუბიდან იმის გამო გარიცხეს, რომ ლონდონში „ტოტენჰემსა“ და „აიაქსს“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო. ამსტერდამული კლუბის საწინააღმდეგო ტელსტარის ხელმძღვანელობას პრინციპულად არაფერი აქვს, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ვან დერ ლაანმა საამისოდ ავადმყოფობა მოიმიზეზა.
ირკვევა, რომ მატჩის ბილეთი ფეხბურთელს მეგობარმა აჩუქა, მან კი ცდუნებას ვერ გაუძლო და ლონდონში გაემგზავრა.
„თავი მოვიავადმყოფე და, რა თქმა უნდა, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. ბოლოს ვიღაცამ მაინც შეიტყო სიმართლე“, – განაცხადა 25 წლის მოთამაშემ.
ინციდენტის შემდეგ, კლუბმა ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონური მატჩი „აიაქსმა“ 0-1 მოიგო და დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, განმეორებითი შეხვედრა ამსტერდამ არენაზე გაიმართება.
ვან დერ ლაანს ახლა უკვე შეუძლია მშვიდად დაესწროს მატჩს.