ჰოლანდიაში საბჭოთა სასაფლაოზე დაკრძალული ორი ქართველი ჯარისკაცის ნეშტი აღმოაჩინეს
ჰოლანდიაში საბჭოთა სასაფლაოზე დაკრძალული ორი ქართველი ჯარისკაცის ნეშტი აღმოაჩინეს

ნიდერლანდების ქალაქ ლეუსდენში საბჭოთა სასაფლაოზე დაკრძალული ორი ქართველი ჯარისკაცის ნეშტი აღმოაჩინეს.

გარდაცვლილთა იდენტიფიცირება დეენემის ანალიზით გახდა შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლანდიური მედია ფონდზე „ღირსების საბჭოთა ველი“ დაყრდნობით ავრცელებს.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ლეუსდენში დაკრძალული სამხედროები ანტონ ღვინიაშვილი და ფიდო ჭოლიაშვილი არიან.

„ახლა შესაძლებელია მათი საფლავის ქვაზე წარწერა „უცნობი ჯარისკაცი“ მათი სახელებით შევცვალოთ“, – განაცხადა ფონდის მკვლევარმა და ჟურნალისტმა, რემკო რეიდინგმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.

როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რემკო რეიდინგი მიმდინარე კვირას პირადად იმყოფებოდა საქართველოში, რათა ანტონ ღვინიაშვილისა და ფიდო ჭოლიაშვილის ოჯახებისთვის პირადად ეცნობებინა ამბავი.

რეიდინგმა უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებისგან დეენემის ნიმუში 2016 წელს აიღო.

ორგანიზაციის ცნობით, ღირსების საბჭოთა ველის სასაფლაოზე 865 ჯარისკაცია დაკრძალული. აქვეა 15 ქართველი ჯარისკაცის საფლავი. მკვლევარმა დაადგინა, რომ ქართველთა ჯგუფი 1941 წელს ტყვედ ჩავარდა, 1943 წელს ისინი ჰოლანდიაში გადაიყვანეს, 1945 წლის 20 აპრილს ისინი ნაცისტებმა დახვრიტეს.

რეიდინგის ინიციატივით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასცა 15 საფლავიდან ნეშტის ექსჰუმაციის ნებართვა დეენემის ნიმუშის ასაღებად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეიდინგი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, რათა მოეძებნა ლეუსდენში დაკრძალული ჯარისკაცების შესაძლო შთამომავლები და მათგან დეენემის ნიმუში აეღო.