ჰიუსტონის მერმა 9 ივნისი ჯორჯ ფლოიდის დღედ გამოაცხადა
ჰიუსტონის მერმა 9 ივნისი ჯორჯ ფლოიდის დღედ გამოაცხადა

აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონის მერმა, სილვესტერ ტერნერმა 9 ივნისი ჯორჯ ფლოიდის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ მან პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში მიმდინარეობს.

„ჩვენ პატივს მივაგებთ მას არა იმიტომ, რომ ის იყო სრულყოფილი, არამედ იმიტომ, რომ როდესაც მან უკანასკნელად ამოისუნთქა, დანარჩენებმა მაშინ შევძელით სუნთქვა“, – განაცხადა მერმა.

ჰიუსტონის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ის ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც პოლიციას ე.წ. „მახრჩობელა ილეთის“ გამოყენებას უკრძალავს.

სილვესტერ ტერნერმა ასევე მადლობა გადაუხადა ფლოიდის ოჯახს იმისათვის, რომ სამართლიანობისთვის ისწრაფის და დემონსტრანტებს პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვისკენ მოუწოდა.

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას აშშ-ის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. აქციის მონაწილეები რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და პოლიციის რეფორმას ითხოვენ.