ჰეთ-თრიქით მატჩის გმირი გახდა - ვოლკოვმა ქულა გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
ჰეთ-თრიქით მატჩის გმირი გახდა - ვოლკოვმა ქულა გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის მე-10 ტურის გმირი გახდა – პრემიერლიგის „ზირას“ ქართველმა თავდამსხმელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და გუნდს ქულის გადარჩენაში დაეხმარა.

26 წლის ვოლკოვიზირას“ შემადგენლობაში იყო „საბაჰთან“ გასვლით მატჩში და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე, 74-ე წუთიდან გამოჩნდა მიხეილ ერგემლიძე.

საბაჰმა“ მატჩი კარგად დაიწყო და მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა. სტუმართაგან პირველი გოლი დავით ვოლკოვმა მე-5 წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ საბაჰმა“ კიდევ ორჯერ აიღო მეტოქის კარი და პირველ ტაიმს 3:1-ს იგებდა.

მეორე ტაიმი მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო. შეცვლაზე შესულმა კრისტიან სებალოსმა 48-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს, რითაც კარგად ისარგებლა „ზირამ“ და ვოლკოვმა, რომელიც მთავარი მოქმედი გმირი იყო. 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მე-60 წუთზე სხვაობა შეამცირა, ხოლო 81-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:3.

10 ტურის შემდეგ ვოლკოვის „ზირამ“ 16 ქულა დააგროვა. გუნდი „ყარაბახის“ და ბაქოს „ნეფთჩის“ შემდეგ მესამე პოზიციას იკავებს, ერგემლიძისსაბაჰი“ (8 ქულა) ბოლო ადგილზეა, ხოლო დავით გიგაურის „გაბალა“ (15) მეოთხეა და ტურის მატჩი სათამაშო აქვს.