ჰესზე „გუმათ 1“ ჰიდროაგრეგატის რეკოსტრუქცია დასრულდა, შედეგად  ენერგოსისტემას 1,7 მგვტ სიმძლავრე შეემატა
ჰესზე „გუმათ 1“ ჰიდროაგრეგატის რეკოსტრუქცია დასრულდა, შედეგად  ენერგოსისტემას 1,7 მგვტ სიმძლავრე შეემატა

„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ „გუმათი 1“-ის ჰიდროელექტროსადგურის მეორე ჰიდროაგრეგატის რეკოსტრუქცია დაასრულა, რის შედეგადაც საქართველოს ენერგოსისტემას 1,7 მგვტ.  სიმძლავრე შეემატა.

კომპანიის ინფორმაციით, ჰიდროაგრეგატის დადგმული სიმძლავრე 11 მგვტ.-დან 12.7 მგვტ.-მდე გაიზარდა. აღნიშნულ პროექტში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ავითვისოთ საქართველოში არსებული სიმძლავრეები, მით უმეტეს, როცა საუბარი უკვე არსებული ჰესების მოდერნიზებას ეხება. „გუმათჰესი 1“-ში ჩვენს მიერ ჩატარებული რეკონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს ამ ჰესის გამომუშავება და საპროექტო სიმძლავრე გავზარდოთ. „ენერგო-პრო“ აგრძელებს მის მფლობელობაში არსებულ ჰესების რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებსაც ვახორციელებთ,“ – აღნიშნა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ.

კომპანიის განმარტებით, „გუმათ 1“-ის მეორე ჰიდროაგრეგატის სრული რეკონსტრუქციის პროექტი დაახლოებით 2 წელი მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი გენერატორის სტატორი, რომელიც სლოვენიაში დამზადდა, აეწყო საქართველოში და უახლესი ტიპის დანადგარს წარმოადგენს. ასევე სლოვენიაშია დამზადებული ახალი მუშა თვალი. გარდა ამისა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ჰიდროაგრეგატის კვანძებს, გარემონტდა დეტალები, დამონტაჟდა შეზეთვის და გაციების სისტემები, თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა, ციფრული სარელეო დაცვები და ა.შ. სარეკონსტრუქციო და სამონტაჟო სამუშაოები „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ თანამშრომლებმა შეასრულეს.