ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, პანკისის ხეობის მოსახლეობის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა
ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, პანკისის ხეობის მოსახლეობის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა

პანკისისა და ხადორის ხეობებში დაგეგმილი სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, სოფელ დუისში ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დასმულ შეკითხვებზე პასუხი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მოესმინათ.

ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი აცხადებს,რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ ასახავს რეალურ საფრთხეებს.

„მდინარე ალაზანში წყალი შემცირდება, რაც სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემას შეგვიქმნის მოსახლეობას. ასევე, საფრთხე შეექმნება ხეობისთვის ერთ-ერთ მთავარ შემოსავლის წყაროს – ტურიზმის განვითარებას. მე ისევ ვრჩები ჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა რიგებში, სანამ იქნება ყველა საკითხი პასუხგაცემული და გვექნება დასკვნა, არა სხვა ჰესისთვის გაცემული ნებართვიდან დაკოპირებული, არამედ რეალურად შესწავლილი“, – აღნიშნა ლუიზა მუთოშვილმა.

მოსახლეობას მიაჩნია, რომ ჰესები უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ამ კუთხითაც ითხოვენ სპეციალისტებისგან დასკვნებს.

მოსახლეობის პოზიცია და არგუმენტები მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მოისმინა და განაცხადა, რომ პროექტი უკვე დამტკიცებულია, თუმცა მშენებელ კომპანიას აღებული ვალდებულებების შესრულება მკაცრად დაევალება. მისი თქმით, მოსახლეობის არგუმენტები ჰესის აშენებასთან დაკავშირებული  საფრთხეების შესახებ გადაჭარბებულია.

„ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ ბევრი კითხვა და საფრთხეების შესახებ ვერსიები. მიმაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს მოსახლეობასთან დიალოგი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.