„ჰერტას“ მოთამაშეს გოლის აღნიშვნისას სოციალური დისტანცია დაავიწყდა - ბუნდესლიგა მას არ დასჯის
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, გერმანიის ბუნდესლიგა განახლდა. გამოჩნდა, რომ „კოვიდ-19“-მა ფეხბურთი შეცვალა, მაგრამ „ჰოფენჰაიმი“-„ჰერტას“ მატჩის დროს მომხდარი ადასტურებს, რომ ჩვევა რჯულზე უმტკიცესია.
დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელებმა „შალკე 04“-სთან (4:0) გოლები სოციალურ დისტანციას დაცვით აღნიშნეს. სხვაგვარად მოიქცა ბერლინის „ჰერტას“ მცველი ანგა დედრიკ ბოიატა: „ჰოფენჰაიმთან“ (3:0 მოიგეს) გასვლით შეხვედრაში პირველი გოლის შემდეგ, მას სიხარულისგან ყველაფერი დაავიწყდა და თანაგუნდელ მარკო გრუიჩს გადაეხვია.
ეპიზოდი 58-ე წუთზე მოხდა, როდესაც „ჰოფენჰაიმის“ მცველმა კევინ აკპოგუმამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 29 წლის ბელგიელმა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დადგენილი სოციალური დისტანციის წესი დაარღვია. ამის მიუხედავად, ბუნდესლიგის ხელმძღვანელობა ბოიატას არ დასჯის.
„კლუბებს გოლის აღნიშვნასთან დაკავშირებით მხოლოდ რეკომენდაციები გავუწიეთ. ამიტომ სანქციები საჭირო არაა”, – განაცხადა ბუნდესლიგის წარმომადგენელმა.