Hermitage Capital-ის ფონდის ხელმძღვანელი - ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის მოწამვლა რუსეთის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტერაქტია
Hermitage Capital-ის ფონდის ხელმძღვანელი - ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის მოწამვლა რუსეთის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტერაქტია

რუსეთის ბოლო ქმედებები ცივი ომის დასრულების შემდეგ მომხდარი ყველაზე საგანგაშო შემთხვევაა, – ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში Hermitage Capital-ის ფონდის ხელმძღვანელმა, ბილ ბროუდერმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის და მისი ქალიშვილის მოწამვლა სხვა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტერაქტია, რომელიც ნატო-ს წევრ ქვეყანაში მოხდა.

„ეს არის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული, დაფინანსებული და შესრულებული ტერორისტული აქტი. ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებით და ეს მოხდა ნატო-ს წევრ ქვეყანაში. რუსეთის უკანასკნელი ქმედებები ცივი ომის დასრულების შემდეგ მომხდარი ყველაზე საგანგაშო შემთხვევაა, ურთიერთობების გამწვავებისა და სიტუაციის ესკალაციის სერიოზული მიზეზი და საფუძველი“, – განაცხადა ბილ ბროუდერმა.

Hermitage Capital-ის ფონდის ხელმძღვანელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გადაწყვეტილებას 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ საკმარის ზომად არ მიიჩნევს. მისი თქმით, უნდა მოხდეს სანქციების ამოქმედება, ასევე რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და რუსი ოლიგარქების ანგარიშების გაყინვა.

„ვფიქრობ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 23 დიპლომატის გაძევების შესახებ არ არის საკმარისი. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და რუსი ოლიგარქების ანგარიშების გაყინვა. „მაგნიტსკის აქტის“ გამოყენებით უნდა მოხდეს აქტივების გაყინვა და მომხდართან კავშირში მყოფ პირებს უნდა აეკრძალოთ ქვეყანაში შესვლა. საუბარი უნდა იყოს ეკონომიკურ სანქციებზეც. აუცილებელია, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციებს დაემატოს სანქციები ევროპის სახელმწიფოების მხრიდან. სანქციებს უნდა შეუერთდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. პასუხი უნდა იყოს ადეკვატური და მიდგომა თანმიმდევრული. ეს არის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტი, რაც კიდევ ერთხელ აშიშვლებს რუსეთის ხელისუფლებას“, – განაცხადა Hermitage Capital-ის ფონდის ხელმძღვანელმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, სერგეი მაგნიტსკი ბრიტანული საინვესტიციო კომპანიის, Hermitage Capital-ის ადვოკატი იყო. მაგნიტსკი 2009 წლის ნოემბერში მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა.

სწორედ Hermitage Capital-ის ფონდის ხელმძღვანელის, ბილ ბროუდერის მცდელობის შედეგად მოხერხდა აშშ-ში სერგეი მაგნიტსკის გლობალური აქტის მიღება.

„სერგეი მაგნიტსკის აქტი“ რუსეთის თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კერძოდ, მათ წინააღმდეგ, ვისაც უფლებადამცველები ბრიტანული ფონდის, Hermitage Capital Management-ის იურისტის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან დაკავშირებულად მიიჩნევენ.

რუსეთში ბილ ბროუდერი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ პირად დაასახელეს და მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. ბროუდერი ავტორია წიგნის – „როგორ გავხდი პუტინი #1 მტერი“.