ჰერმან საბო - ტექნიკურ საკითხზე ISFED-ის პრეტენზიას ცესკო-ზე განსაკუთრებულ თავდასხმას ვერ დავარქმევდი, „ქართული ოცნების“ რეაქცია ცოტა გადამეტებულია
ჰერმან საბო - ტექნიკურ საკითხზე ISFED-ის პრეტენზიას ცესკო-ზე განსაკუთრებულ თავდასხმას ვერ დავარქმევდი, „ქართული ოცნების“ რეაქცია ცოტა გადამეტებულია

ტექნიკურ პრეტენზიას, რომ ერთ აპარატს მეორე სჯობს, ცესკო-ზე განსაკუთრებულ თავდასხმას ვერ დავარქმევდი, რადგან თუ უკეთესი აპარატია, რომელიც უკეთესად ითვლის და პოტენციურ რისკებს აზღვევს, ამდენ მილიონს თუ ვიხდით, ცოტა წავამატოთ და უფრო სანდო შემოვიტანოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ჰერმან საბო გამოეხმაურა საარჩევნო ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებით ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასების დოკუმენტს, სადაც ნათქვამია: „საქართველოში შემოტანილი ოპტიკური ნიშნის ამომცნობი აპარატი შედარებით მოძველებული ტექნოლოგიაა, რომელიც ყველა გამოწვევას ვერ პასუხობს. მის ნაცვლად, სასურველია, გამოყენებულ იქნას ხმის მიცემისა და დათვლის აპარატები“.

ჰერმან საბოს თქმით, ცოტა გადამეტებულია „ქართული ოცნების“ რეაქცია, რომ ცესკო-ს თავს ესხმიან.

„ISFED-ს ხომ არ უთქვამს, ელექტრონული მეთოდი ცუდია ან ხელისუფლება ცუდად გამოიყენებსო? მან თქვა, რომ უკეთესი სისტემა არსებობს. არც ერთი და არც მეორე აპარატის ტექნიკური მახასიათებლები არ ვიცი, მაგრამ თუ უკეთესი ტექნიკა არსებობს, შემოვიტანოთ და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.