ჰერმან საბო მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს
ჰერმან საბო მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს

ზოგადად, პრეზიდენტის განცხადება კარგია, რომ შერიგების აქტუალიზაცია მოხდეს, თუმცა კონკრეტულად შერიგება დამოკიდებულია დაპირისპირებულ მხარეებზე, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჰერმან საბომ  სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

საუბარია სალომე ზურაბიშვილის შემდეგ განცხადებაზე: „პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

როგორც ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, შერიგებას ყველაზე მეტად ხელს უშლის  შიში და ზიზღი.

„შერიგებას ყველაზე მეტად ხელს უშლის შიში და ზიზღი. შიში – მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების და ზიზღი მის მიმართ, რომელსაც მისი ოპონენტები აღვივებენ. ან პირიქით, როცა ზიზღს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიმართ ოპოზიციური მედია აღვივებს. როგორ შეიძლება, ეს ორი კომპონენტი მოიხსნას? – შიში მოიხსნება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან ისევ ისე წასვლით, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. შიში მოიხსნება, რომ მიშა დაბრუნდება და იმავეს გააკეთებს, რასაც ე.წ. სისხლიან ცხრა წელში აკეთებდა.

ზიზღი მაშინ მოიხსნება, როცა იმ მედიასაშუალებების რიტორიკა, რომლებიც დაკავებული არიან მეორე მხარის „გაშავებით“, შეიცვლება. „ქართული ოცნების“ რიტორიკაა, რომ მთავარი დამცავი ფარი არიან ქართველ ხალხსა და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს შორის. თუ ეს საფრთხე მოიხსნება, მმართველი გუნდის ეს რიტორიკაც აზრს დაკარგავს და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების აღნიშნული ფაქტორიც გაქრება. მგონია, რომ პროცესების ნორმალიზებას სჭირდება მთავარი დაპირისპირებული ადამიანების – სააკაშვილისა და ივანიშვილის პოლიტიკიდან ჩამოცილება.

მეორე ეტაპი იქნება მათ მიერ დაქვემდებარებული მედიების რიტორიკის შეცვლა, როცა ეს მედიები გადაერთვებიან ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე. „ქართული ოცნება“ და ეკლესია სინანულზე საუბრობენ. რა შეიძლება იყოს სინანულზე უფრო დიდი აქტი, ვიდრე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკიდან წასვლა? ეს ცხადი ნიშანი იქნება იმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი მართლა ინანიებს და გულწრფელად გული შესტკივა იმ გადაცდომებზე, დანაშაულებზე, რაც მისი ხელისუფლების დროს ხდებოდა. თუ ის პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს, შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ თავად მოიფიქროს რაიმე გზა, რითაც მას გარეთ გამოუშვებენ, რადგან ხვდებით, რომ სააკაშვილის ციხეში ჯდომა ხელისუფლებასაც არ აძლევს ხელს, რადგან ეს არის შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელიც მაშინ ამოქმედდება, როცა „ქართულ ოცნებას“ ფეხი წაუცდება და სიტუაცია შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ ყველაფერი მეორე ჯგუფის ხელში მოხვდეს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

დატოვე კომენტარი