ჰერმან საბო - სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია აქტუალობის შენარჩუნება, ამიტომ ერთ მომენტში შერიგებაზე ისაუბრებს, შემდეგ რაღაცის დასრულებაზე, ველოდებით საქმეზე ლაპარაკს
ჰერმან საბო - სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია აქტუალობის შენარჩუნება, ამიტომ ერთ მომენტში შერიგებაზე ისაუბრებს, შემდეგ რაღაცის დასრულებაზე, ველოდებით საქმეზე ლაპარაკს

ოპოზიცია სწორი იდეის გარშემო ერთიანი თუ იქნება, მაშინ ამას კარგი შედეგი ექნება, ხოლო თუ უბრალოდ გავერთიანდებით იმისთვის, რომ უშინაარსო აქციები ვატაროთ ან ის მოვითხოვოთ, რაც არ გვეკუთვნის, ამაში არანაირი შინაარსი არ იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრჯერ უცდიათ, რომ ოპოზიცია რაიმე იდეის გარშემო გაეერთიანებინათ, მაგრამ პროცესი უშედეგოდ მიმდინარეობს.

„ცალკე აღებული ოპოზიციის ერთიანობა რაიმე სიკეთე არ არის, თუ ერთიანი იქნება, საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება. ოპოზიცია სწორი იდეის გარშემო ერთიანი თუ იქნება, მაშინ ამას კარგი შედეგი ექნება, ხოლო თუ უბრალოდ გავერთიანდებით იმისთვის, რომ უშინაარსო აქციები ვატაროთ ან ის მოვითხოვოთ, რაც არ გვეკუთვნის, მაშინ ამაში არანაირი შინაარსი არ იქნება. ჩვენ მცდელობა ბევრჯერ გვქონია, რომ ოპოზიცია რაიმე იდეის გარშემო გაგვეერთიანებინა, მაგრამ ეს უშედეგოდ მიმდინარეობს. ვნახოთ, რა შეიცვლება გაზაფხულამდე. თუ ისინი თავიანთ რიტორიკას და დამოკიდებულებას შეიცვლიან ჩვენ მიმართ, ან პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომ იდეების გარშემო უნდა ვერთიანდებოდეთ და არა პიროვნებების გარშემო, მაშინ მათთან ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ჰერმან საბომ შეაფასა სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დღევანდელი განცხადების ის ნაწილიც, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს: „მეგობრებო, მთავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ ახლა ეს დავასრულოთ. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანები“.

ჰერმან საბო ვარაუდობს, რომ სააკაშვილმა დასრულებაში ვადამდელი არჩევნები იგულისხმა.

„რაც შეეხება დასრულებას, ალბათ, სააკაშვილი გულისხმობდა, ვადამდელ არჩევნებს. „გირჩი“ ამის წინაპირობას ვერ ვხედავთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეიძლება, ისეთი აკეთოს გაზაფხულზე, რომ ამის საჭიროება დადგეს. ადამიანურად მესმის, რომ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, დარჩეს ტოპ თემების სათავეში და ამით აქტუალობა შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, ხშირად მის სხვადასხვა განცხადებას ვნახავთ – ერთ მომენტში სააკაშვილი შერიგებაზე ისაუბრებს, მეორე მომენტში რაღაც დასრულებაზე და ოპოზიციის ერთობაზე, მესამე მომენტში მთავრობის შეცვლაზე. ამის მიღმა საქმეზე ლაპარაკს ველოდებით.

თუ საქმეზე ლაპარაკი იქნება ნებისმიერი აქტორის მხრიდან, ამაზე ვისაუბრებთ. ამის იქით, სააკაშვილის პოლიტიკურ შეფასებებში არ შევალთ, ვიდრე საქმეზე საუბარი არ იქნება. წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის უცაბედი გამოჩენა იყო პატარა პარტიებისთვის რაღაცნაირი ტრაგედია, რადგან ჩათვალეთ, რომ პოლიტიკური თამაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არიან და შიშის, ზიზღის თამაშია, უცებ გაჩნდა მთავარი შიშის აქტორი, რომლისაც ეშინია საქართველოს მოსახლეობის ერთ ნახევარს, მეორე ნახევარს მისი იმედი აქვს. ამან შუა გაკრიფა და ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო რაიმე პოზიტიური მოვლენა არჩევნების შედეგებზე და იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოები უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო. მისმა ჩამოსვლამ სხვა სასაუბრო თემები გააქრო და წინასაარჩევნო თემა იყო ან მიშას გინება, ან ქება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.