ჰერმან საბო – თავიდანვე ვფიქრობდით, რომ რიგგარეშე სესიის ასეთი ფორმით მოთხოვნა პირდაპირ საწინააღმდეგოა დეპოლარიზაციის, რომელსაც ევროპელები 12 პუნქტის მთავარ პუნქტში გვთხოვენ
„გირჩის“ წევრის ჰერმან საბოს განცხადებით, „გირჩში“ თავიდანვე მიაჩნდათ, რომ რიგგარეშე სესიის ასეთი ფორმით მოთხოვნა არის პირდაპირ საწინააღმდეგო იმისა, რასაც ევროპელები 12 პუნქტის მთავარ პუნქტში ითხოვენ საქართველოსგან და ესაა დეპოლარიზაცია.
მისივე თქმით, რიგგარეშე სესია უნდა ყოფილიყო შეთანხმების გაფორმების მომენტი და არა დაპირისპირების ადგილი.
„რიგგარეშე სესიის რაიმე მოსამზადებელი სამუშაო თუ არ იქნებოდა, მაშინ გამოდიოდა, რომ ამ სესიას ჩვენ გამოვიყენებდით ერთმანეთისთვის კიდევ რაღაცების ძახილისთვის და პოლარიზაციას ეს უფრო გააღრმავებდა. რიგგარეშე სესია უნდა ყოფილიყო ჩვენს შორის შეფასების, ხელისმოწერის და გაფორმების მომენტი და არა მეტი პოლარიზაციის ადგილი. ახლა ტექნიკურად მმართველმა პარტიამ ჩამოიშორა რიგგარეშე სესია და არ ჩატარდება. ეს გასაგებიც იყო, მათ სწორი, გამართული სამართლებრივი არგუმენტი აქვთ, მაგრამ აქ უფრო მთავარია შინაარსი, რომ რიგგარეშე სესია უნდა ყოფილიყო ჩვენი შეთანხმების გაფორმების მომენტი და არა დაპირისპირების ადგილი.
ჩვენ თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდით ამ ფორმით ამ სესიის ჩატარებას, ხელი არც მოვაწერეთ და ვცდილობდით კოლეგებისთვის ახსნას, რომ ასეთი ფორმით ეს სესია ან არ ჩატადებოდა ან არ ექნებოდა ის შედეგი, რაც გვინდოდა, რომ მომხდარიყო. „ქართულ ოცნებას“ დასათმობი აქვს ნამდვილად საკონსტიტუციო ცვლილებები, თუმცა ამ სიტუაციაში გასაგები უნდა იყოს, ვინ რითი ვაჭრობს და ვინ რაზეა წამსვლელი, რათა მოხდეს პოლიტიკური პარტიების დაახლოება და ერთ მაგიდასთან დასხდომა. ჩვენი მხრიდან ხელის ჩამორთმევის ასეთი წინაპირობა არის ბუნებრივი ბარიერი, მე ვიტყოდი, 2%-იანიც არ გვაწყობს, ბუნებრივი ბარიერი მომავალი ყველა არჩევნებისთვის. „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ რა უნდათ, რაზე არიან წამსვლელი იმისთვის, რომ ევროპას დაანახონ, ჩვენ შევრიგდით და რაზე არიან წამსვლელი, რათა ხელი ჩამოართვან ერთმანეთს, ეს ჯერ არ ვიცი. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც გვიდგას ქართულ პოლიტიკაში“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ჰერმან საბომ.