ჰერმან საბო - „ქართულ ოცნებას“ უკრაინის ხელისუფლების მიმართ რაც უნდა წყენა ჰქონდეს, ვფიქრობ, ბუჩაში ჩასვლა და მხარდაჭერის დაფიქსირება მნიშვნელოვანი იქნებოდა
ჰერმან საბო - „ქართულ ოცნებას“ უკრაინის ხელისუფლების მიმართ რაც უნდა წყენა ჰქონდეს, ვფიქრობ, ბუჩაში ჩასვლა და მხარდაჭერის დაფიქსირება მნიშვნელოვანი იქნებოდა

„ქართულ ოცნებას“ უკრაინის ხელისუფლების მიმართ რაც უნდა წყენა ჰქონდეს, მგონი, ბუჩაში ჩასვლა და მხარდაჭერის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ჰერმან საბომ კომენტარი გააკეთა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს“.

ჰერმან საბოს თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩასვლას არ აპირებს.

ამასთან, როგორც ჰერმან საბო ამბობს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უკრაინაში ჩასვლის სურვილი აქვთ, რათა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა აჩვენონ.

„ახლო მეგობარს როცა ძალიან უჭირს, რაც უნდა იყოს, პირადი წყენები გვერდით უნდა გადადო. მას შემდეგ, რაც ის თავის პრობლემას მოაგვარებს, შეიძლება, მიხვიდე, პრეტენზიები წაუყენო და უთხრა, ასე რატომ აკეთებდიო, მაგრამ არსებულ სიტუაციაში „ქართულ ოცნებას“ უკრაინის ხელისუფლების მიმართ რაც უნდა წყენა ჰქონდეს, მგონი, ბუჩაში ჩასვლა და მხარდაჭერის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ ჩასვლას არ აპირებს, მაგრამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უკრაინაში ჩასვლის სურვილი გვაქვს, რათა უკრაინელ ერს ჩვენი წილი სამძიმარი და მხარდაჭერა ვუთხრათ. ვისურვებდი, რომ შალვა პაპუაშვილი წამყვან როლში ყოფილიყო და მასთან ერთად წავსულიყავით, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფ მეგობარს ნიშნისმოგებით ელაპარაკონ, რაც არასწორია.

ომის პერიოდში საქართველო-უკრაინას შორის დაძაბულობაა, რაც ქართულმა მხარემ არაგულწრფელი განცხადებებით დაიწყო, თუმცა ამ სიტუაციაში პირად წყენას უკან უნდა ვდებდეთ. „ქართული ოცნების“ რაღაცნაირი პრეტენზია უკრაინის ხელისუფლების მიმართ არის ის, თითქოს უკრაინის მთავრობა მათ მიღმა ადამიანებს ელაპარაკება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხრიკი და მიდგომა ზელენსკიმ არაერთი ქვეყნის მიმართ გამოიყენა, როცა მას მორალური პოზიციის დაფიქსირება უნდოდა სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, იდგა და იმ ქვეყნების მოსახლეობას პირდაპირ მიმართავდა. არ მგონია, რომ ამის გამო უნდა ვასამართლებდეთ უკრაინის ხელისუფლებას“, – განაცხადა ჰერმან საბომ.