ჰერმან საბო - „ქართულ ოცნებას“ რუსეთს თუ ეძახი, მაშინ პრემიერს პარლამენტში კი არ უნდა იბარებდე, მოლოტოვის კოქტეილებს უნდა აკეთებდე
ჰერმან საბო - „ქართულ ოცნებას“ რუსეთს თუ ეძახი, მაშინ პრემიერს პარლამენტში კი არ უნდა იბარებდე, მოლოტოვის კოქტეილებს უნდა აკეთებდე

„ქართულ ოცნებას“ რუსეთს თუ ეძახი და ამბობ, რომ პირდაპირ რუსეთის დანიშნულია, მაშინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში კი არ უნდა იბარებდე, მოლოტოვის კოქტეილებს უნდა აკეთებდე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჰერმან საბომ განუცხადა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნაზე, რომ ინტერპელაციის ფორმატში ფარულ ჩანაწერებზე დეპუტატების კითხვებს მთავრობის ხელმძღვანელმა უპასუხოს.

საბოს თქმით, მას არ ესმის, როგორ შეიძლება, პოლიტიკურ ოპონენტს რუსების აგენტს ეძახდე და შემდეგ პარლამენტში მის მისვლას და კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვდე.

„კითხვა-პასუხის რეჟიმი კარგი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი იქნებოდა, რაც არ გვაქვს. ამიტომ გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრს პარლამენტში იბარებენ, რათა გალანძღონ. პრემიერმა ეს იცის, არ მოვა და საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ამბავი შეიქმნება, თითქოს, პრემიერს დაუძახეს და რომ არ მოვიდა, როგორი ცუდია თურმე. „ქართულ ოცნებას“ თუ რუსეთს ეძახი და ამბობ, რომ პირდაპირ რუსეთის დანიშნულია, მაშინ პარლამენტში კი არ უნდა იბარებდე, მოლოტოვის კოქტეილებს უნდა აკეთებდე. გამოდის, რომ შენი ქვეყანა პოლიტიკურად რუსეთს ჰყავს დაპყრობილი და ამის ფონზე პროცედურული დემოკრატიის მცდელობა გაქვს. ეს არასერიოზული მგონია და არა ის, რომ საპარლამენტო ქვეყანა პრემიერს უნდა იწვევდეს და მისგან პასუხებს ითხოვდეს“, – განაცხადა საბომ.

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მისვლას „ლელო“ ითხოვს.