ჰერმან საბო - ოპოზიციას თუ არ სურს, დაჰბრალდეს ტექნიკურად 12 პუნქტის არშესრულება, პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს, ვერ მოვისმინე არგუმენტები, რატომ არ ერთვებიან
ჰერმან საბო - ოპოზიციას თუ არ სურს, დაჰბრალდეს ტექნიკურად 12 პუნქტის არშესრულება, პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს, ვერ მოვისმინე არგუმენტები, რატომ არ ერთვებიან

ჩვენი ევროპელი მეგობრების გზავნილი იყო ძალიან მკაფიო, ნათელი, რომ თუ 12 პუნქტის შესრულების პროცესი არ იქნება ყველას ჩართულობით და ყველა ერთად არ იმუშავებს, ცალ-ცალკე რომელიმე მხარის მიერ გაწეული სამუშაო წყალში გადაყრილი იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბობ განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების შესასრულებლად ერთიან პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს.

„ამ 12 პუნქტის მთავარი და გამხსნელი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია, რაც ნიშნავს ჩხუბის, ომის დამთავრებას და ერთად მუშაობას. ნებისმიერი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ პროცესისთვის ხელის შეშლაში, მიზეზი იქნება, რის გამოც საქართველო ამ 12 პუნქტს ვერ შეასრულებს. როდესაც შენ გინდა, რომ რაც შეიძლება მეტი წნეხი იყოს ხელისუფლებაზე, რომელიც მთელ ამ პროცესზე პასუხისმგებელია, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა აძლევდე არგუმენტს, რომ მე დავიწყე სამუშაო პროცესი და ვიღაც ვიღაცები უარს ამბობენ და მაგიდას მიყირავებენ. ეს გზავნილი მოგვიტანეს ოპოზიციას ევროპელებმა, რომ მათი წარმოდგენით 12 პუნქტის შესრულება შეუძლებელი იქნება ერთიანი პროცესის გარეშე. ამ ერთიან პროცესში აუცილებლად ყველა უნდა ჩაერიოს. თუ ეს პროცესი გვაჩვენებს, რომ შიგნით რომელიმე არ იქცევა ადეკვატურად და არ მუშაობს ისე, რომ ხელი შეუწყოს 12 პუნქტის შესრულებას, მერე ეს სხვა ამბავია. პროცესში ჩაურთველად წინასწარვე უარის თქმა მიუღებელია ჩვენი აზრით, ასევე აღმოჩნდა ჩვენი ევროპელი მეგობრების აზრით.

არგუმენტები ვერ მოვისმინე, თუ რატომ არ ერთვებიან. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არ ერთვება სამუშაო ჯგუფებში, გაჩერებულია იმ არგუმენტებზე, რომ წარსულში „ქართულ ოცნებას“ ისეთები აქვს მიქარული, რომ ახლა რაღა აზრი აქვს მასთან თანამშრომლობას. ეს არასწორი არგუმენტია ორი მიზეზით. ერთი, რომ „ქართული ოცნება“ უნიკალურ სიტუაციაშია, ასეთი წნეხი – შიდა და გარე არ ყოფილა მასზე და ასეთი მკაფიო მიზანი არ ყოფილა გეგმასთან ერთად. მეორე, როდესაც ერთხელ უკვე გამოცდილება გაქვს, რომ შენი არ ჩართვა პროცესში, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, „ქართულმა ოცნებამ “გამოიყენა, რათა ამ პროცესიდან თვითონაც გამოსულიყო, ახლა იგივე სამსახურს უწევ და იგივენაირად ეხმარები, რომ „ქართულ ოცნებას“ 6 თვის თავზე სათქმელი ჰქონდეს, რომ ჩვენ რაც შეგვეძლო ვცადეთ, სამუშაო ჯგუფები შევქმენით და ოპოზიცია არ ჩაერთო.

თუ ოპოზიციას არ უნდა, რომ მათ დაჰბრალდეთ ტექნიკურად 12 პუნქტის არშესრულება, მაშინ ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ. მერე თუ პროცესი იქნება საკრიტიკო და „ქართული ოცნება“ შეეცდება, იმიტაცია შექმნას სამუშაო პროცესის, შემდეგ ეგ სხვა არგუმენტი იქნება და პირნათელი ვიქნებით როგორც ევროპელებთან, ისე ხალხთან, რომ ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველფერი გავაკეთეთ, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ნება არ ჰქონდა. იქამდე უარის თქმა გამოვა, რომ შენ ხარ ამ პროცესის ძირის გამომთხრელი“, – განაცხადა ჰერმან საბომ.