ჰერმან საბო - „ნაციონალური მენეჯმენტის“ რგოლი 21 დეკემბრის აქციით აჩვენებს, რომ „ბატონო მიხეილ, არ დაგვიწყებიხარ, ვცდილობთ, აქტუალური იყოთ წინასაახალწლოდაც კი“
ჰერმან საბო - „ნაციონალური მენეჯმენტის“ რგოლი 21 დეკემბრის აქციით აჩვენებს, რომ „ბატონო მიხეილ, არ დაგვიწყებიხარ, ვცდილობთ, აქტუალური იყოთ წინასაახალწლოდაც კი“

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ჰერმან საბოს მოსაზრებით, 21 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია შეიძლება, განიხილებოდეს, როგორც დათვური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ილუზია შეუქმნან, რომ ის ახლა ისეთივე სიყვარულის ობიექტია, როგორც მისი პრეზიდენტობის პერიოდში იყო.

როგორც ჟურნალისტებს საბომ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

„ისეთი აქციაა, რომლითაც სააკაშვილის მეგობრები ცდილობენ, ყოფილ პრეზიდენტს დაანახონ, რომ ის არ დავიწყებიათ და დაბადების დღეს ულოცავენ. სააკაშვილს საკუთარი მეგობრები, „ნაციონალური მენეჯმენტის“ რგოლი ამ აქციით აჩვენებს – ბატონო მიხეილ, არ დაგვიწყებიხარ, ვცდილობთ, აქტუალური იყოთ წინასაახალწლოდაც კი, როცა ქართველი ერის უმეტესობა მეგობრებთან ერთად ახალი წლისთვის ემზადება და პოლიტიკაში ნაკლებად იქნება ჩართული. როცა დიდი პოლიტიკური წონა გაქვს და ბევრი რამე არის შენზე დამოკიდებული, ამ შეთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის გარშემო არსებობს, ძალიან მარტივია, რომ რაღაცნაირ ბაბლში მოექცე და ინფორმაცია შენამდე დამახინჯებულად მოდიოდეს. რაც შეეხება ზოგადად აქციებს, აქცია სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ფორმაა და როცა აქციებს წინ და უკან ვიყენებთ და შედეგი არ დგება, ამან რაღაცნაირად აქციების შინაარსი გააუფასურა. მგონია, რომ პოლიტიკოსები აქციებს რაც უფრო მიზნობრივად და სწორად გამოვიყენებთ, მას მეტი შინაარსიც ექნება, წონაც და დატვირთვაც“, – განაცხადა ჰერმან საბომ.