ჰერმან საბო - მე არ მჯერა ნახევარნათქვამების, თუ ამბობ, ვიღაც ასე იქცევა, ბოლომდე უნდა თქვა, ამას მოვუწოდებდი სამნიძეს და დეკანოიძეს
ჰერმან საბო - მე არ მჯერა ნახევარნათქვამების, თუ ამბობ, ვიღაც ასე იქცევა, ბოლომდე უნდა თქვა, ამას მოვუწოდებდი სამნიძეს და დეკანოიძეს

მე ვერავის გულში ვერ ჩავიხედები და ვერ მეცოდინება, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ერთია, საჯაროდ ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

ჰერმან საბოს თქმით, ოპოზიციას მოუწევს საქმის კეთება, სიტყვების ძახილის ნაცვლად.

„ვინმე თუ ცუდ მდგომარეობაშია ან ჩადგება, ალბათ მხოლოდ ის ხალხი იქნება, ვინც მთელ თავის საარჩევნო კამპანიას, პოლიტიკურ იმიჯს ქმნიდა არა შინაარსზე, არამედ რაღაც სიტყვების სროლაზე – აქეთ რუსეთია, იქით ევროპა, ამ რაღაც დაპირისპირებაზე. ოპოზიციას მოუწევს ის, რასაც „გირჩი“ დიდი ხანია, აკეთებს, რომ შინაარსზე ააგონ. იმ ადამიანებმა, რომლებიც შინაარსზე, თემებზე, გამოსავლის გზებზე არ საუბრობენ და აქამდე ამბობდნენ, რომ ჩვენ ევროპა ვართ, შეიძლება, ეს მესიჯბოქსი მარტივად ვეღარ გაატარონ. საქმის კეთება მოუწევთ, მარტივი სიტყვების ძახილის ნაცვლად.

არასამთავრობო სექტორი რაღაც ერთიანი ორგანიზმი ხომ არ არის, შეიძლება, განსხვავებული პოზიციები, თავიანთი იდეოლოგიური მიზნები ჰქონდეთ, ვიღაც მართლა ხალხის დახმარებით და ფულის სწორად დახარჯვით იყოს დაკავებული, რომელიც მოდის ევროპიდან. შეიძლება, ვიღაცებს ვურჩიოთ, თითქმის პოლიტიკოსებივით იქცევიან და პოლიტიკაში მოვიდნენ, ეს უფრო გასაგებს გახდიდა სიტუაციას“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

როგორც ჰერმან საბო აღნიშნავს, მას არ სჯერა ნახევარნათქვამების და ხატია დეკანოიძეს და ხათუნა სამნიძეს მოუწოდებს, სათქმელი ბოლომდე თქვან.

„მე არ მჯერა ნახევარნათქვამების, თუ ამბობ ვიღაცაზე – ვიცი, რაღაც ასეთი ხდება და ცდილობს, საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობა გავფანტოთ და არ მოგვეცეს სტატუსი ან არჩევნების მერე მოგვცეს, მაშინ ბოლომდე უნდა თქვან. ამას მოვუწოდებდი ჩემს კოლეგებს, ქალბატონ სამნიძეს და ქალბატონ დეკანოიძეს. როგორ შეიძლება, დადო თავი ჩემს კოლეგებზე, რომ ასეთ რამეს არ იზამდნენ, შეიძლება რაღაც შეხვედრებზე ვიღაცებს გულისტკივილი გამოუხატავთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ბოლომდე მართლები ვიყოთ, თუ ვამბობთ, რომ ვიღაც ასე იქცევა და ინფორმაცია გვაქვს, მაშინ ბოლომდე ვთქვათ. თუ არა, მაშინ შევინარჩუნოთ დუმილი“, – აღნიშნა საბომ.