ჰერმან საბო - პატრიარქი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია და შეიძლება, შერიგების საფუძველი მართლაც იყოს გულწრფელი მონანიება
ჰერმან საბო - პატრიარქი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია და შეიძლება, შერიგების საფუძველი მართლაც იყოს გულწრფელი მონანიება

„გირჩის“ წევრ ჰერმან საბოს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მმართველი პარტიის შერიგება რთული პროცესია.

მისი თქმით, შერიგებითვის მზადყოფნა არც ერთი პარტიისგან არ ჩანს.

„რთული პროცესია ეროვნული შერიგება. ადვილი რომ იყოს, აქამდე ერთხელ მაინც მოვახერხებდით, მაგრამ იმის გამო, რომ ორივე დიდი პოლიტიკური მხარე მეორე მხარის ზიზღით და შურით საზრდოობს, ამ შერიგების ამბავს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებთ. შერიგება პოლიტიკური ლიდერების გარდა, ადამიანების დონეზეც უნდა მოხდეს, არ ვიცი, აქამდე რა პროცესებმა შეიძლება მიგვიყვანოს. ერთი, რომ ადამიანები დაიღალონ ამ დაპირისპირებით, ან ის თაობა წამოვიდეს, რომელთაც ერთმანეთის სისხლი არ დაუღვრიათ და სერიოზული პრობლემები არ ჰქონიათ. შერიგების მზადყოფნას ჯერ ვერცერთი მხრიდან ვერ ვხედავ იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილმა ეს გააჟღერა. ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. გამოსავალია მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვება, რაც პოლიტიკურ ტემპერატურას დაწევს. როგორ შეიძლება შერიგებაზე ვილაპარაკოთ, როცა ორივე მხარე ტალახის სროლით არის დაკავებული? – კარგია, რომ საუბარი მაინც დაიწყეს და მხოლოდ „გირჩი“ არ არის, რომელიც ამაზე საუბრობს და შემდეგ ამის გამო ხან „ქოცებს“ უწოდებენ, ხან „ნაცებს“, თუმცა პროცესი ძალიან რთულია. ჩვენ შერიგებაზე მას შემდეგ ვსაუბრობთ, რაც ერთი წლის წინ პოლიტიკურ კრიზისში ვიყავით და ამის გამო ოპოზიციამ პოლიტიკური პროცესიდან გაგვრიყა. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის შეფასებას შერიგებაზე, ეს რაღაცნაირად პატრიარქის განცხადებასაც ემთხვევა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია და შეიძლება, შერიგების გასაღების საფუძველი მართლაც იყოს ისეთ გულწრფელ მონანიებაში, როცა ადამიანები მართლა დაიჯერებენ, რომ ადამიანი ნანობს თავის საქციელს, თუმცა ამას ისეთი ფორმა და კონკრეტიკა სჭირდება, როგორიც მიხეილ სააკაშვილისგან ჯერ არ გვინახავს“, – განაცხადა საბომ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ფეისბუქგვერდზე წერილი გამოაქვეყნა.

„უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ვიდრე გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, – აღნიშნულია წერილში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, შერიგების საფუძველი არის სინანული.

„სააკაშვილის გამოსვლებში ამის ვერავითარ ნიშანწყალს ვერ ვხედავთ, მეტიც – ხშირად იმუქრება. როცა დამნაშავე გემუქრება, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ „არ შეიძლება, ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება“.