ჰერმან საბო - არ ვიცი, საქართველოში როგორ ვუმკურნალოთ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ პრობლემას, რომ ვერ ეგუება ციხეს და ნებისმიერი პალატა, თუ გარეთ ბადრაგი იდგება, მისთვის დამთრგუნველი იქნება
ჰერმან საბო - არ ვიცი, საქართველოში როგორ ვუმკურნალოთ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ პრობლემას, რომ ვერ ეგუება ციხეს და ნებისმიერი პალატა, თუ გარეთ ბადრაგი იდგება, მისთვის დამთრგუნველი იქნება

„გირჩის“ წევრის ჰერმან საბოს განცხადებით, კარგია, რომ რაიმე პოლიტიკური არგუმენტაციით მიხეილ სააკაშვილს არ შეუზღუდეს უფლება და ის გამოკვლევას კერძო კლინიკაში ჩაიტარებს.

მისივე თქმით, კერძო კლინიკაში გადაყვანა კარგია, რადგან საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს მკურნალობა ჩაუტარდება და ამავდროულად, ნაკლები სპეკულაციის სივრცე დარჩება როგორც ხელისუფლებითვის, ისე ოპოზიციითვის.

„ყველა პატიმარს, რომელსაც ციხის ტერიტორიაზე ვერ გაეწევა სათანადო სამედიცინო მომსახურება, აქვს ხოლმე საშუალება, გადავიდეს კერძო კლონიკაში და იქ იმკურნალოს. მიხეილ სააკაშვილი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის და ძალიან კარგია, რომ რაიმე პოლიტიკური არგუმენტაციით მას ეს უფლება არ შეუზღუდეს და ის გამოკვლევას კერძო კლინიკაში ჩაიტარებს. ეს კარგი იქნება ერთი მხრივ, რომ მის ჯანმრთელობას თუ რამე პრობლემა აქვს, გამოვლინდება და შესაბამისად, მკურნალობა გაეწევა. მეორე მხრივ, იმით იქნება კარგი, რომ ნაკლები სპეკულაციის სივრცე დარჩება როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციითვის, რომ თქვან, მიხეილ სააკაშვილი ან ძალიან კარგად არის და არაფერი სჭირს, ან დღე-დღეზე კვდება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ამასთან, ჰერმან საბო ამბობს, რომ სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემა სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანით მოეხსნებოდა.

„მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ფსიქოლოგიურია, ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, შემდეგ მას უუარესდება ხოლმე ფიზიოლოგიური ჯანმრთელობაც. მის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას შეიძლება, საქართველოში ვუმკურნალოთ, მაგრამ იმ ფსიქოლოგიურ პრობლემას, რომელიც მას აქვს, რომ ის ვერ ეგუება ციხეს და ნებისმიერი პალატა, რაც უნდა კარგად მოწყობილი იყოს, გარეთ თუ ბადრაგი იდგება, მისთვის ისეთივე დამთრგუნველი იქნება ფსიქოლოგიურად და მისი დეპრესია ისევ გაგრძელდება – ნამდვილად არ ვიცი, ამ პრობლემას საქართველოში როგორ ვუმკურნალოთ. გამოსავალი ალბათ იქნებოდა საზღვარგარეთ მისი სამკურნალოდ გადაყვანა, რაც მას ამ პრობლემას მოუხსნიდა. ოღონდ, ალბათ ამის სანაცვლოდ მას მოუწევს „ქართული ოცნებისთვის“ რამის დათმობა. ერთ მხარეს ომში მყოფი პარტის გენერალი თუ ჰყავს დატყვევებული, მას ასე უბრალოდ თავისუფლებაზე არ გაუშვებს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზეს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა.

საკითხთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საშუალებით განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმაც, სადაც აღნიშნავს, რომ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით რამდენიმე პირობას აყენებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს დღეს მოუწოდა, დათქმების გარეშე ისარგებლოს შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით.