ჰერბერტ როილი  - ვესტფალიის მოსახლეობა უკმაყოფილოა, მაგრამ ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა საგანგაშო არ არის 
ჰერბერტ როილი  - ვესტფალიის მოსახლეობა უკმაყოფილოა, მაგრამ ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა საგანგაშო არ არის 

საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლების და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰერბერტ როილმა შეხვედრაზე. ნინო ჯავახაძე ჰერბერტ როილს გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრაზე ჯავახაძემ როილს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. მხარეებმა მთავრობის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიასა და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

ნინო ჯავახაძემ ხაზგასმით აღნიშნა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების საჭიროება და ჰერბერტ როილს მემორანდუმის ტექსტი პირადად გადასცა.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ გერმანიაში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მოთხოვნების თითქმის 100% სრულდება. ნინო ჯავახაძემ ჰერბერტ როილს ინფორმაცია მიაწოდა ევროპოლთან მარტში დაგეგმილი მემორანდუმების გაფორმების შესახებ, რაც, ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხის ამოქმედებას გულისხმობს.

გერმანული მხარის თქმით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მიერ კონკრეტული გზების მოძიება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ის მიესალმება ქართული დელეგაციის ვიზიტს და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰერბერტ როილმა ქართული მხარის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ინიციატივები მოიწონა და მემორანდუმის გაფორმების პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვესტფალიის ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილოა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა საგანგაშო არ არის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, გერმანიის რეპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის სამსახურის უფროსს, ფრანკ ჰოევერსა და ჩრდილოეთ ვესტფალიის ფედერალური მიწის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანდრეას ბოთეს. მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო ჯავახაძე ავსტრიის რესპუბლიკასაც ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა: ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან – პეტერ გოლდგრუბერთან, ავსტრიის რესპუბლიკის კრიმინალური პოლიციის ფედერალური სამსახურის დირექტორთან – ფრანც ლანგთან და ფედერალური სამინისტროს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. ჯავახაძე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორს, კატარინა ვიზერსაც შეხვდა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს, ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე, ხაზი გაუსვეს დანაშაულთან ბრძოლის  ეფექტიან თანამშრომლობას და რეადმისიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების მნიშვნელობას.

ინფორმაციას ვიზიტის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.