ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენელი - თბილისის სიმბოლოებში ბევრი შეცდომაა და ამაზე მუშაობა უნდა დაიწყოს
ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენელი - თბილისის სიმბოლოებში ბევრი შეცდომაა და ამაზე მუშაობა უნდა დაიწყოს

თბილისის სიმბოლოებში ჰერალდიკის თვალსაზრისით ბევრი შეცდომაა და ამაზე ფიქრი და მუშაობა უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა გონგაძემ განაცხადა, რომელიც თბილისის საკრებულოში დედაქალაქის გერბთან და დროშასთან დაკავშირებით გამართულ მსჯელობას ესწრებოდა.

მისი თქმით, მათ დახვეწაზე მუშაობა შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივიცი იყოს იმიტომ, რომ კონცეპტუალური საკითხიც კი დაუმუშავებელია.

„67 მუნიციპალიტეტის სიმბოლოზე მუშაობა საქართველოში დასრულდა. ეს იყო ამ სამუშაოს წარმართვის 10-წლიანი ციკლი. ჩვენ წარმოვადგინეთ იმ სიმბოლოების ანალიზი, რომლებიც თბილისში მოქმედებს. თბილისის სიმბოლოები 80-იანი წლების ბოლოს არის შექმნილი და თავის დროზე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა ჰერალდიკის თვალსაზრისით, იქ არის ბევრი შეცდომა, არ არის გამართული ამ მიმართულებით. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი წარმოდგენა იმ შეცდომებისა, რაც არის ამ სიმბოლოებში. უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი და მუშაობა, რაც შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი იყოს, იმიტომ, რომ აქ კონცეპტუალური საკითხიც დაუმუშავებელია. ჩვენი ინიციატივა იყო, მხოლოდ გაგვეანალიზებინა ის, თუ რა არის დღეს თბილისის სიმბოლოკა“, – განაცხადა მამუკა გონგაძემ.

დაიწყება თუ არა თბილისის გერბისა და დროშის ცვლილებაზე მუშაობა, ამას თბილისის საკრებულო გადაწყვეტს.