ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებს უფასო ტესტირება ჩაუტარდათ
ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებს უფასო ტესტირება ჩაუტარდათ

ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებს უფასო ტესტირება ჩაუტარდათ.

ორგანიზაცია „ჰეპა პლუსის“ წარმომადგენლების მობილური ამბულატორიის ჯგუფი პირველ არხთან მთელი დღის განმავლობაში იქნება. ისინი თანამშრომლებს აივ-ინფექციასა და C ჰეპატიტზე უტარებენ ტესტირებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელია. ქსელში სულ 14 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება, რომლებიც საქართველოს რვა ქალაქში მუშაობენ.

„გვჭირდება მხოლოდ პირადი ნომერი. მოდიან თანამშრომლები პირადობით, ტესტირების ოთახში იღებენ სინჯს და პასუხს 15 წუთში იგებენ, რა თქმა უნდა, ტესტირება უფასოა“, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ კილაძე.

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში ჰეპატიტის კვირეული მიმდინარეობს. მიზანი ვირუსული ჰეპატიტების მიმართ ცნობიერების ამაღლება და ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციაა. ვირუსული ჰეპატიტი არის პრევენცირებადი, მკურნალობას დაქვემდებარებული და C ჰეპატიტის შემთხვევაში, აბსოლუტურად განკურნებადი დაავადება. C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ათასობით ინფიცირებული ადამიანის განკურნება.