ჰენდრიკ დაემსი - საქართველო ევროპის საბჭოს ექვსი თვის განმავლობაში თავმჯდომარეობდა და ამ საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი
ჰენდრიკ დაემსი - საქართველო ევროპის საბჭოს ექვსი თვის განმავლობაში თავმჯდომარეობდა და ამ საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჰენდრიკ დაემსიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მიმართვაში დაემსიმ აღნიშნა, რომ 20 წლის წინ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი, რომელიც ორგანიზაციასთან ერთად ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას იცავს.

„საქართველო ექვსი თვის განმავლობაში ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობდა და მან ამ საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი. COVID19-ის პირობებში მინისტრთა კომიტეტის მართვა ადვილი არ არის, მაგრამ საქმე კარგად არის გაკეთებული“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ჰენდრიკ დაემსიმ ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო ასამბლეის, გენერალურ მდივნისა და მინისტრთა კომიტეტის ურთიერთდიალოგი შესანიშნავად იქნა უზრუნველყოფილი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, თავმჯდომარეობის რეალური მემკვიდრეობა იმაშია, რომ საქართველომ გარემოს დაცვის საკითხების  ადამიანის უფლებებთან დაკავშირება შეძლო.

დაემსის განმარტებით, აღნიშნული თემატიკა საბერძნეთის თავმჯდომარეობას გადაეცემა, ხოლო შემდგომ გერმანიის თავმჯდომარეობაზეც გადავა.

დღეს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველომ საბერძნეთის რესპუბლიკას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადააბარა.