„ფერარის“ პილოტმა – კიმი რაიკონენმა, 2013 წლის ავსტრალიის გრანპრის შემდეგ, ფორმულა 1-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფინელმა მეტად სანახაობრივი აშშ-ის გრანპრი მოიგო.
კიმიმ სტარტზე, პოულის მფლობელ – ლუის ჰემილტონს გაუსწრო, რის შემდეგაც, სწორი ტაქტიკის წყალობით, გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
კონკურენტებისგან განსხვავებით, ბრიტანელს მეორე პიტსტოპის შესრულება მოუწია, რითაც რაიკონენი რბოლას სათავეში ჩაუდგა, ლუისმა კი ახალი საბურავებით, მასთან და მაქს ფერსტაპენთან, რომელიც მეორე პოზიციაზე მე-18 ადგილიდან გადავიდა, ჩამორჩენის შემცირება დაიწყო.
ბოლო წრეებზე ლუისი მაქსს ერთი წამის მანძილზე მიუახლოვდა, თავად ჰოლანდიელიც ამდენს აგებდა კიმისთან. ასე რომ, რბოლის დასასრული საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ფინიშამდე სამი წრით ადრე, ჰემილტონმა პირველად სცადა ფერსტაპენზე შეტევა, მაგრამ „რედ ბულის“ პილოტმა პოზიცია არ დათმო. ეს ბრძოლა ლუისისთვის პრინციპული იყო, რადგან მეორე ადგილზე გასვლა ტიტულს უნაღდებდა. მაგრამ, ჰემილტონს ჰოლანდიელისთვის აღარ შეუტევია, ხოლო რაიკონენიფერსტაპენს, უკვე კომფორტული დისტანციით უგებდა.
ფინიშზე კიმის უპირატესობამ 1.2 წამი შეადგინა. ფინელმა „ფერარისთვის“ 2009 წლის შემდეგ პირველი რბოლა მოიგო. ფერსტაპენი მეორე ადგილზე დარჩა, ჰემილტონი – მესამეზე. ეს ნიშნავს, რომ ლუისს მოუწევს ჩემპიონობის ვადაზე ადრე განაღდება მექსიკის გრანპრისთვის გადადოს, რომელიც ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.
რაც შეეხება სებასტიან ფეტელს, ის პირველ წრეზე, დანიელ რიკარდოსთან კონტაქტის შემდეგ მოცურდა, თუმცა დანაკარგი აანაზღაურა, ბოლოს ვალტერი ბოტასს გაუსწრო და ფინიშთან მეოთხე მივიდა. გერმანელმა ჩემპიონობის მათემატიკური შანსი შეინარჩუნა, თუმცა მისი ჰემილტონთან ჩამორჩენა – 70 ქულამდე გაიზარდა, სულ კი გასათამაშებელია – 75 ქულა.