ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, იღებს საკვებს სქემის მიხედვით
ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, იღებს საკვებს სქემის მიხედვით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრის, ჰემატოლოგ ნინო შარაშენიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებული და სტაბილურია.

როგორც ნინო შარაშენიძემ კონსილიუმის წევრებთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს უტარდება ადეკვატური თერაპია მომზადებული გუნდის მიერ და იღებს საკვებს სქემის მიხედვით.

„ჩამოვედით, რათა შეგვეფასებინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია, სტაბილურია. უტარდება აბსოლუტურად ადეკვატური თერაპია ძალიან მომზადებული და კარგი გუნდის. ჩვენ ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი, დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდგომი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები. ამ პროცესში ჩართული იყო არამხოლოდ ჩვენი კონსილიუმის გუნდი, არამედ აქაური არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი. პარალელურად იყო რესპუბლიკური საავადმყოფოდანაც ექიმი-ნუტირიციოლოგი, გასტროენტეროლოგი ქალბატონი ინგა გვარვიანი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან მიმართებაში, როგორ უნდა მოვიქცეთ. ქალბატონმა ელენემ დასახა მკურნალობის ანუ კვებითი რეჟიმის ახალი ტაქტიკა, ბატონმა სანდრომ შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი, ჩვენ შევეცდებით, რომ ყოველდღიურად ეტაპობრივად მოგაწოდოთ ინფორმაცია“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს გარკვეული ჩივილები, რაც როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, აბსოლუტურად ადეკვატურია.

„ამ დროისთვის აქვს თავის ტკივილი და რაღაც გარკვეული პრობლემები, რომელიც ნელ-ნელა, იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად კორეგირდება. იღებს საკვებს სქემის მიხედვით, რადგან მოგეხსენებათ, რომ ის კვებაში უკან დაბრუნება გაცილებით უფრო რთულია და საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან მონოტორინგს. ამიტომ, სწორედ მოგახსენეთ, ქალბატონმა ელენემ დეტალურად დაწერა და აღწერა კვების რეჟიმი, მრომელსაც ზედმიწევნით შეასრულებენ“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

კონსილიუმის წევრის თქმით, ამ ეტაპზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად კონტროლირებადია.

„ნორმალურია, არის გაუმჯობესებული. ჩვენ რომ ველოდებოდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა დამძიმება სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ მულტიპროფილურ კლინიკაში. იმედი მაქვს, შეძლებისდაგვარად გავუმკლავდებით ამ პრობლემას და ეტაპობრივად, სათანადო მოვლის პირობებში კლინიკური მდგომარეობა და მაჩვენებლები სრულად კორეგირდება. ამ ეტაპზე სრულიად კონტროლირებადია მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. უკეთესად არის პაციენტის მდგომარეობა და შესაძლებელია მონიტორინგი განხორციელდეს. ლაბორატორიული, კვებითი რეჟიმი არის მკაცრად გაწერილი“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ.