ჰეიკო მაასი - ლიბიაში უახლოეს მომავალში სიტუაცია თუ არ დასტაბილურდება, ის მეორე სირია გახდება
ჰეიკო მაასი - ლიბიაში უახლოეს მომავალში სიტუაცია თუ არ დასტაბილურდება, ის მეორე სირია გახდება

ჰეიკო მაასის განცხადებით, თუ ლიბიაში უახლოეს მომავალში სიტუაცია არ დასტაბილურდება, ის მეორე სირია გახდება.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც გერმანიის პირველმა დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, მოვლენების ასეთი განვითარება არ უნდა დაუშვან.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს. ევროპული ქვეყნების პირველი დიპლომატები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან ერთად ლიბიის საკითხსაც განიხილავენ, სადაც ბოლო პერიოდში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა.

არსებული ვითარების ფონზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები 12 იანვრიდან ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების ინიციატივით გამოდიან.

მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ ლიბიას ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი მართავს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის აღებას ცდილობს.

ტრიპოლიში გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობაა განთავსებული. ხალიფა ჰაფთარს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ მხარს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაფთარის დასახმარებლად ლიბიაში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები იმყოფებიან.

გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად, ლიბიაში სამხედროები გაგზავნა თურქეთმა.