ჰეიკო მაასი - იმედია, აშშ-ში მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივი აღარ გახდება და დემონსტრაციებს ექნება შედეგი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი აცხადებს, რომ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული დემონსტრაციები აშშ-ში გასაგები და ლეგიტიმურზე მეტია. ჰეიკო მაასის განცხადებას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„შემიძლია, მხოლოდ გამოვხატო იმედი, რომ მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივი აღარ გახდება და კიდევ უფრო მეტად ვიმედოვნებ, რომ ამ დემონსტრაციებს ექნება შედეგი“, – აღნიშნა მაასმა.
ამას გარდა, მან საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტების თავისუფლად მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჟურნალისტებს, რომლებიც ადგილიდან აშუქებენ მოვლენებს, უნდა ჰქონდათ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი სამუშაო – ეს კანონის უზენაესობამ უნდა უზრუნველყოს“, – აღნიშნა ჰაიკო მაასმა.
მისი თქმით, გერმანიის მთავრობა დაუკავშირდება აშშ-ის ხელისუფლებას, რათა გაარკვიოს „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტებთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გარემოებები.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მინეაპოლისში მათ გადამღებ ჯგუფს პოლიცია თავს დაესხა.