ჰეიკო მაასი – იმედია, აშშ-ში მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივი აღარ გახდება და დემონსტრაციებს ექნება შედეგი

21:44, 02.06.2020

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი აცხადებს, რომ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული დემონსტრაციები აშშ-ში გასაგები და ლეგიტიმურზე მეტია. ჰეიკო მაასის განცხადებას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„შემიძლია, მხოლოდ გამოვხატო იმედი, რომ მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივი აღარ გახდება და კიდევ უფრო მეტად ვიმედოვნებ, რომ ამ დემონსტრაციებს ექნება შედეგი“, – აღნიშნა მაასმა.

ამას გარდა, მან საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტების თავისუფლად მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჟურნალისტებს, რომლებიც ადგილიდან აშუქებენ მოვლენებს, უნდა ჰქონდათ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი სამუშაო – ეს კანონის უზენაესობამ უნდა უზრუნველყოს“, – აღნიშნა ჰაიკო მაასმა.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობა დაუკავშირდება აშშ-ის ხელისუფლებას, რათა გაარკვიოს „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტებთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გარემოებები.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მინეაპოლისში მათ გადამღებ ჯგუფს პოლიცია თავს დაესხა.

მსგავსი