ჰეიკო მაასი - ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის შეიარაღების კონტროლის რეჟიმის გადახედვაა საჭირო
ჰეიკო მაასი - ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის შეიარაღების კონტროლის რეჟიმის გადახედვაა საჭირო

ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის შეიარაღების კონტროლის რეჟიმის და განიარაღების პროცესის გადახედვაა საჭირო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა Der Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჰეიკო მაასის თქმით, საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ არსებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმა განიარაღების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევას უგულებელყოფს. სწორედ ამიტომ, გერმანია მის მოკავშირეებთან ერთად ხელშეკრულების შენარჩუნებაზე იზრუნებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუს დროს საერთაშორისო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად საჭირო რამდენიმე პუნქტი ჩამოთვალა. მათ შორის იყო ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ევროკავშირს შორის მონაცემების გაცვლა. ამასთან, ბირთვული რაკეტების შესახებ არსებული ინფორმაციის ყოვლისმომცველი მონიტორინგი.

საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ ხელშეკრულება 1987 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმდა. დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს 500-დან 5 500 კილომეტრის რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფლობას, წარმოებასა და განთავსებას უკრძალავს. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ რუსეთი ასეთი ტიპის რაკეტებზე წლების განმავლობაში მუშაობს. თუმცა მოსკოვი ბრალდებას უარყოფს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ამავე ბრალდებას უყენებს.