ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა
ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა

ჰავაიზე მასშტაბური ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა. ინფორმაციას კუნძულ მაუის გუბერნატორი ადასტურებს.

„89 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ აქ სულ რაღაც ორი დღის წინ ვიყავით და ეს რიცხვი ბევრად მცირე იყო. ჩვენი ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება. გვინდა,ხალხი მოვამზადოთ ამისთვის. დიდი სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ, რადგან იქ მძიმე ლითონებია, დანგრეულია სახლები, არის პროპანის ბალონები, ამიტომ ეს მართლაც დიდი საშიშროებაა. უკვე ძალიან ბევრი სიცოცხლე დავკარგეთ და ახლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა.

ამ დროისთვის კუნძულ მაუის დასავლეთით გავრცელებული სტიქიის 80%-ს მეხანძრე-მაშველები უკვე აკონტროლებენ და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის შემდგომი ევაკუაციის საჭიროება აღარ დგას.

მედიის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, ეს ხანძარი არის ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა ჰავაის შტატის ისტორიაში და აღნიშნა, რომ ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია.

ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.