ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა
ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა

ჰავაიზე, კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა. ინფორმაციას შტატის გუბერნატორი ჯოშ გრინი ავრცელებს.

მისი განცხადებით, სტიქიის ზონის მეოთხედზე მეტი გამოკვლეულია.

გუბერნატორის თქმით, მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

კუნძულ მაუიზე ხანძარი ერთი კვირის წინ გაჩნდა. სპეციალისტების შეფასებით, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 100 წლის განმავლობაში მომხდარ ხანძრებს შორის ყველაზე მასშტაბური ხანძარია.

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ზღვისპირა ქალაქი ლაჰაინა. დამწვარია 2 200 შენობა, რომელთა უმეტესობა საცხოვრებელი სახლია. ექსპერტების შეფასებით, ქალაქში ზარალი 5,5 მილიარდ დოლარს აღწევს.