ჰასან როუჰანიმ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას „უპატიებელი შეცდომა“ უწოდა
ჰასან როუჰანიმ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას „უპატიებელი შეცდომა“ უწოდა

ირანი უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო, ყველა პასუხისმგებელ პირს დასჯის, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ტრაგიკული შემთხვევა გულდასმით იქნება გამოძიებული. ჰასან როუჰანიმ თვითმფრინავის ჩამოგდებას „უპატიებელი შეცდომა“ უწოდა.

„ეს იყო უპატიებელი შეცდომა. მხოლოდ ერთი პირი ვერ იქნება პასუხისმგებელი თვითმფრინავის კატატსროფაზე. ირანის შეიარაღებული ძალების მიერ შეცდომის აღიარება პირველი კარგი ნაბიჯია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ ეს აღარ მოხდება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ჰასან როუჰანის განცხადებით, მისი მთავრობა ანგარიშვალდებულია ირანელებისა და სხვა ერების წინაშე, რომელთა წარმომადგენლებიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.

ირანელმა სამხედროებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგის“ შეცდომით ჩამოგდება 11 იანვარს აღიარეს. თვითმფრინავი თეირანის საერთაშორისო აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი 176 პირი ემსხვერპლა.