ჰასან როუჰანი - აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ირანის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს
ჰასან როუჰანი - აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ირანის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები ირანის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ჰასან როუჰანის თქმით, ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ყველა შესაძლო ზომას აქამდეც მიმართავდა. სანქციების განახლებაში კი ისლამური რესპუბლიკისთვის ახალი არაფერია.

„მათ უბრალოდ ბანკების, მათი ფილიალების, ავიაკომპანიებისა და მათი თვითმფრინავების გრძელი სია გამოსცეს. ეს ქმედება ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანელ ხალხზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენას ცდილობს“, – განაცხადა ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა.

ინტერვიუს დროს ჰასან როუჰანიმ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის ნავთობის ექსპორტის ნულამდე დაყვანა არ შეუძლია. ეს კი განახლებულმა სანქციებმა ნათლად აჩვენა.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში 5 ნოემბერს შევიდა. თუმცა ვაშინგტონმა რვა პარტნიორ სახელმწიფოს დროებით ირანისგან ნავთობის შესყიდვის უფლება მისცა.