ჰასან როუჰანი - აშშ ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში იზოლირებულია
ჰასან როუჰანი - აშშ ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში იზოლირებულია

ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში იზოლირებულია. ასეთი განცხადება ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჰასან როუჰანიმ აღნიშნა, რომ ირანთან კონფრონტაციის საკითხში ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ტრადიციული მოკავშირეებისგან იზოლირებულია, რადგან აშშ-ის მიერ თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ევროკავშირიც კი ეწინააღმდეგება.

„ხშირად არ ხდება, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტილებას იღებს და ტრადიციული მოკავშირეები მას არ უერთდებიან“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

რამდენიმე თვის წინ, თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრაპმა აშშ-ის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოთიშვის შესახებ განაცხადა. რის შემდეგაც ვაშინგტონმა შეთანხმების საფუძველზე გაუქმებული სანქციები განაახლა და იმავეს გაკეთებისკენ დოკუმენტის სხვა წევრს სახელმწიფოებსაც არაერთხელ მოუწოდა.

2015 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმება ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, თეირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს.