10 მარტს, ოსაკაში წლის მეორე სუპერტურნირი აიღებს სტარტს. ბაშოს დაწყებამდე 2 დღით ადრე იაპონური სუმოს ასოციაციამ სასტარტო დღეების ორთაბრძოლათა განრიგი გამოაქვეყნა.
ოძეკი ტოჩინოშინი ტურნირს იაპონელი მე-2 მაეგაშირებით იწყებს. პირველ დღეს ლევან გორგაძის მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა დაიეიშო იქნება (4:1 ურთიერთშეხვედრებში), მეორე დღეს კი დასავლეთის მე-2 მაეგაშირა მიოგირიუ დაუპირისპირდება (12:8).
შეგახსენებთ,რომ ტოჩინოშინი “კადობანშია” , რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბაშოზე მას ოძეკის წოდება აქვს დასაცავი. ამისათვის ლევანს დადებითი ბალანსის დაფიქსირება ესაჭიროება ჰარუ ბაშოზე.
სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენი ვერ ხვდება ტურნირს ოპტიმალურ ფორმაში – ისევ აწუხებს ტრავმები. თუმცა, ამის მიუხედავად, უაღრესად მოტივირებულია და ჰარუ ბაშოს დაწყებას ელოდება
უკეთეს ფორმაშია მეორე ჩვენებური, გაგამარუ, რომელიც ჯურიოს დივიზიონში აღმოსავლეთის მე-8 ნომრის სტატუსით იბრძოლებს. გაგას პირველი მეტოქე ტურნირზე გამოცდილი ჩინელი რიკიში, 35 წლის სოკოკურაი იქნება, რომელსაც მეოცედ დაუპირისპირდება ჩვენებური. განვლილ 19 შერკინებაში მხოლოდ მინიმალურ უპირატესობას ჩინელი ფლობს – 10:9.