ჰარდენის 61 ქულა - „ჰიუსტონმა“ პრინციპული დერბი მოიგო [ვიდეო]
ჰარდენის 61 ქულა - „ჰიუსტონმა“ პრინციპული დერბი მოიგო [ვიდეო]

საოცარ ფორმაშია ჯეიმს ჰარდენი. ლიგის მთავარმა მექულემ, მემფისთან წაგებულ შეხვედრაში მოპოვებულ 57 ქულას, დღეს „სან ანტონიოსთან“ 61 ქულა მიაყოლა. „სფერსთან“ მოგებულ ტექსასურ დერბიში, ჰარდენმა პრაქტიკულად მარტომ აჯობა პრინციპულ მეტოქეს. ბოლო მეოთხედის შუაში, მასპინძლები 94-100 აგებდნენ, რასაც „როკეტსის“ ლიდერის მხრიდან, ზედიზედ აღებული 13 ქულა მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ, ჰიუსტონელებმა შანსი აღარ გაუშვეს და მეტოქე საბოლოოდ ანგარიშით 111-105 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ რეგულარულ სეზონში, მაიკ დანტონის გუნდმა, სამივე შეხვედრა მოუგო სან ანტონიოს. „როკეტსი“ დასავლეთ კონფერენციაში, მესამე ადგილზე იმყოფება. გრეგ პოპოვიჩის გუნდი კი მერვე პოზიციაზეა და პლეი-ოფის ზონაში რჩება.


ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, გამარჯვება მოიპოვა „ოკლაჰომამ. სითი თანდერმა“.  „ო ქეი სიმ“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი – „ტორონტო რეპტორსი“ გასვლაზე დაამარცხა, ანგარიშით 116-109. მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა რასელ ვესტბრუკმა რომლის მონაგარმა 18 ქულა, 13 პასი და 12 მოხსნა შეადგინა. პოლ ჯორჯის ანგარიშზე 28 ქულა დაფიქსირდა. კანადურ კლუბს კავაი ლეონარდის 37-მა ქულამ ვერ უშველა.

„ოკლაჰომა“ დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. „ტორონტო“ კი აღმოსავლეთში მეორე პოზიციაზეა.