გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ATP500 კატეგორიის ტურნირის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა და გაირკვა მოქმედი ჩემპიონის, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე.
მეოთხე ნომრად განთესილი ბასილაშვილის პირველი მოწინააღმდეგე იქნება 26 წლის ბოლივიელი უგო დელიენი, რომელიც მსოფლიოს 94-ე ჩოგანია და ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. ქართველი და ბოლივიელი პროფესიულ ტურში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.
ბასილაშვილსა და დელიენს შორის მოგებული მერვედფინალში იტალიელ სალვატორე კარუზოსა და არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეოთხედფინალში ბასილაშვილის პოტენციური მეტოქე მეხუთე ნომრად განთესილი ფრანგი ბენუა პერი იქნება.
ჰამბურგის ტურნირზე განთესილთა სია ასე გამოიყურება: 1. დომინიკ ტიმი (ავსტრია), 2. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია), 3. ფაბიო ფონინი (იტალია), 4. ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო), 5. ბენუა პერი (საფრანგეთი), 6. ლასლო ჯერე (სერბეთი), 7. იან-ლენარდ შტრუფი (გერმანია), 8. კრისტიან გარინი (ჩილე).
ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰამბურგში შარშანდელი ტიტულის დაცვა უწევს. 2018 წელს, ქართველმა ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა – 6:4, 0:6, 7:5. ნიკამ ნახევარფინალამდე მაინც უნდა მიაღწიოს, რათა რეიტინგის პირველ ოცეულში შეინარჩუნოს ადგილი, თუმცა შეიძლება ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი. ამჟამად, ბასილაშვილი კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზეა.