ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე დანით თავდასხმისას დაშავებული 18 ადამიანიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ ექვს დაშავებულს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება
ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე დანით თავდასხმისას დაშავებული 18 ადამიანიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ ექვს დაშავებულს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება

ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე დანით თავდასხმისას დაშავებული 18 ადამიანიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია. კიდევ ექვს დაშავებულს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი 39 წლის ქალია, რომელსაც დაკავების დროს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით გაურკვეველია.

როგორც ჰამბურგის პოლიციის პრესსპიკერმა, ფლორიან აბენსეთმა განაცხადა, ამჟამად გამოძიება იკვლევს, ჰქონდა თუ არა დაკავებულს  აშლილობა.

მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. მან თავდასხმას შოკის მომგვრელი უწოდა.

ჰამბურგის ცენტრალური სადგური გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო ჰაბია. თავდასხმა საღამოს, პიკის საათში მოხდა. შემთხვევის შედეგად შეფერხდა მატარებლების მიმოსვლა, რადგან დროებით დაიხურა ოთხი პლატფორმა.