კვირას, ჰამბურგში ATP500-ის კატეგორიის ფინალი იმართება, რომელშიც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება.
ორივე ჩოგბურთელმა ნახევარფინალში სამსეტიანი ბრძოლა გადაიტანა. ბასილაშვილმა გერმანელი ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ ორი მატჩბოლი მოიგერია და სამი საათი და 10 წუთი ბრძოლის შემდეგ 6:4, 4:6, 7:6(5) მოიგო. მსოფლიოს მე-16 ნომერმა 20-დან 16 ბრეიკ-პოინტი მოგერია და ტაი-ბრეიკზე 2:5-დან შეძლო მოგება.
რუბლიოვმაც ნახევარფინალში ქამბექი შეასრულა – ესპანელ პაბლო კარენო ბუსტასთან პირველი სეტი წააგო და მეორეში ბრეიკით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ მოახერხა ფინალში გასვლა – 4:6, 7:5, 6:1.
ორივემ ამ ტურნირზე შეძლო რეიტინგის ტოპ ათეულის მოთამაშის დამარცხება: ბასილაშვილმა ზვერევს მოუგო, რუბლიოვმა მეოთხედფინალში როლან გაროსის ფინალისტს დომინიკ ტიმს სძლია.
რუსი ჩოგბურთელი კარიერაში პირველად ითამაშებს ATP500-ის კატეგორიის ტურნირის ფინალში, ბასილაშვილი კი ჰამბურგში ტიტულს იცავს. ფინალის მოგების შემთხვევაში, ქართველი მეორე ჩოგბურთელი გახდება ისტორიაში, ვინც გერმანიის ამ ქალაქში ტიტულს შეინარჩუნებს. მანამდე ეს მხოლოდ შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა შეძლო 2004 და 2005 წლებში, როცა ჰამბურგის ტურნირი „მასტერსის“ სერიის იყო.
რაც შეეხება ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებს, ის ერთი მატჩისგან შედგება – წელს, დოჰას ტურნირზე ბასილაშვილმა 6:3, 6:4 მოუგო რუბლიოვს.
ფინალი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.