„ჰამასში“ აცხადებენ, რომ შუამავლებისგან ორი დღის წინ მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას დათანხმდნენ
„ჰამასი“ შუამავლებისგან ორი დღის წინ მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას დათანხმდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ დაჯგუფების ლიდერმა, ხალილ ალ-ჰაიამ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
„ორი დღის წინ ჩვენ მივიღეთ შეთავაზება შუამავლებისგან ეგვიპტეში და კატარში. ჩვენ მას დადებითად მივუდექით და მივიღეთ. ვიმედოვნებთ, რომ ისრაელის ოკუპაცია არ გამოუთხრის მას ძირს“, – განაცხადა ალ-ჰაიამ, რომელიც „ჰამასის“ მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს შუამავლების საშუალებით ისრაელთან მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებების პროცესში.
ამასთან, სააგენტო „როიტერი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეგვიპტემ ისრაელისგან პოზიტიური ნიშნები მიიღო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წინადადება გარდამავალ ფაზას მოიცავს. შეთავაზების პირობები „ჰამასის“ მიერ ყოველკვირეულად ხუთი მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ მედიატორებისგან მიღებულ შეთავაზებასთან დაკავშირებით კონსულტაციების სერია გამართეს და შუამავლებს თავიანთი წინადადება გადასცეს აშშ-თან სრული კოორდინაციით.
18 მარტს ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია განაახლა. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ოპერაციის განახლება მოჰყვა მძევლების გათავისუფლებაზე „ჰამასის“ განმეორებით უარს, ასევე, ტრამპის ადმინისტრაციისა და შუამავლების ყველა წინადადების უარყოფას.
ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავის პირველი ფაზის პირველ მარტს დასრულების შემდეგ მხარეები, შუამავლების დახმარებით, ზავის გასაგრძელებლად მოლაპარაკებებს მართავდნენ.