„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მოქმედი ადმინისტრაცია დაშალეს და გაერო-ს მიერ მხარდაჭერილ სპეციალისტთა კომიტეტისთვის მართვის უფლებამოსილების გადასაცემად ემზადებიან
დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მოქმედი ადმინისტრაცია დაშალა და გაერო-ს მიერ მხარდაჭერილ სპეციალისტთა კომიტეტისთვის მართვის უფლებამოსილების გადასაცემად ემზადება, – ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.
გადაწყვეტილება აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია. „ჰამასს“ არ დაუკონკრეტებია, გეგმავს თუ არა განიარაღებას ან უსაფრთხოების კონტროლის საერთაშორისო ძალებისთვის გადაცემას. დაჯგუფებამ საკუთარი გადაწყვეტილება წლების განმავლობაში მიმდინარე ომის შემდეგ ღაზის აღდგენის პროცესისადმი ერთგულების დასტურად შეაფასა.
„ჰამასის“ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი, რომელმაც „ჰამასის“ ნაბიჯი „მზაკვრულ ხრიკად“ შეაფასა.
„ერთი შეხედვით, მზადყოფნა, ადგილი დაუთმოს სპეციალისტებით დაკომპლექტებულ სამოქალაქო ადმინისტრაციას, რეალურად საკუთარი განიარაღების თავიდან აცილებას ემსახურება“, – განაცხადა საარმა.
საარის განცხადებით, ისრაელი მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმის სრულად შესრულებას, რაც „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღებასა და ღაზის სექტორის სრულ დემილიტარიზაციას ითვალისწინებს.
განცხადებას გაერო-ც გამოეხმაურა. ორგანიზაციის პრესსპიკერის, სტეფან დიუჟარიკის განცხადებით, გაერო-მ „ჰამასის“ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიიღო და მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას შეუწყობს ხელს.
„მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას უწყობს ხელს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებში ასახული მიზნების მიღწევას ემსახურება. მათ შორისაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულება, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით ერთიანი პალესტინური მმართველობის ჩამოყალიბებისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – განაცხადა დიუჟარიკმა.