„ჰამასის“ წარმომადგენელი ადასტურებს, რომ „მშვიდობის საბჭოსთან“ შეთანხმებას მიაღწიეს

14:59, 31.07.2026

დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ღაზი ჰამადმა დაადასტურა, რომ განიარაღების შესახებ შეთანხმებას „მშვიდობის საბჭოსთან“ მიაღწიეს.

მისივე განმარტებით, ეს პროცესი დამოკიდებულია ორ პირობაზე, რომ ღაზის სექტორში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები უნდა განთავსდეს, ხოლო ისრაელმა ოქტომბერში დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

„ვიდრე ისრაელი ამ პირობებს არ შეასრულებს, არც ჩვენ გადავდგამთ იარაღთან დაკავშირებულ არცერთ ნაბიჯს“, – აღნიშნა ჰამადმა.

მისი თქმით, ისრაელმა ჯერ ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, შეაჩეროს ღაზაში მიზანმიმართული თავდასხმები, ჯარები ე.წ. ყვითელი ხაზის მიღმა გაიყვანოს და სექტორში გაზრდილი ჰუმანიტარული დახმარების შესვლა უზრუნველყოს.

ამის პარალელურად, სექტორის მართვა უნდა გადაეცეს ღაზის ადმინისტრირების ეროვნულ კომიტეტს – პალესტინელი ტექნოკრატებისგან შემდგარ ორგანოს, რომელიც „მშვიდობის საბჭომ“ დანიშნა.

„ჰამასის“ მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ დაჯგუფების შეიარაღება არ განადგურდება, ის საწყობში შეინახება ეროვნული კომიტეტის კონტროლის ქვეშ.

„პირველი ეტაპი ცუდად წარიმართა. ისრაელმა შეთანხმება არ დაიცვა და დარღვევების ასობით კი არა, ათასობით შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა გარანტორებმა – ამერიკამ, კატარმა, თურქეთმა და ეგვიპტემ უნდა უზრუნველყონ, რომ ისრაელი ამჯერად შეთანხმებას სრულად შეასრულებს. იმედი მაქვს, ისრაელი დათანხმხდება. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით“, – განაცხადა ჰამადმა.

მსგავსი