„ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაჯგუფებამ და ისრაელმა მძევლებისა და პატიმრების სიები გაცვალეს
„ჰამასის“ წარმომადგენელი ტაჰერ ალ ნუნუ აცხადებს, რომ დაჯგუფების ლიდერებმა და ისრაელმა მძევლებისა და პატიმრების სიები გაცვალეს.
მისი თქმით, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში აღნიშნულ პირებს გაათავისუფლებენ.
ალ ნუნუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ მოლაპარაკებები ფოკუსირებულია „ომის დასრულების, ღაზის სექტორიდან საოკუპაციო ძალების გაყვანასა და პატიმრების გაცვლის მექანიზმებზე“.
ცნობისთვის, „ჰამასის“ მიერ მძევლებისა და ისრაელის ციხეებიდან 1950 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ძირითადი ნაწილებია.
როგორც „სქაი ნიუსი“ მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, დონალდ ტრამპის გეგმის პირველი ფაზის განხორციელების დრო ჯერ არ არის შეთანხმებული.
ცნობისთვის, ღაზის სექტორში ომის დასრულებასთან დაკავშირებით შარმ ელ-შეიხში მოლაპარაკებები გრძელდება. ეგვიპტეში იმყოფება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი გეგმას „ჰამასი“ დათანხმდა.