„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე აცხადებს, რომ კვლავ ცდილობენ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას
„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე აცხადებს, რომ კვლავ ცდილობენ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას

მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე აცხადებს, რომ კვლავ ცდილობენ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას, ღაზაში ისრაელის ავიადარტყმის შედეგად მისი სამი შვილის დაღუპვის მიუხედავად. ამის შესახებ ჰანიემ დოჰაში სააგენტო „როიტერთან“ განაცხადა.

შეკითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას მისი ვაჟების გარდაცვალება მოლაპარაკებებზე, ჰანიემ განაცხადა, რომ „პალესტინელი ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას“.

მედიასაშუალებასთან საუბრისას ისმაილ ჰანიემ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ მისი შვილები „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ.

10 აპრილს ღაზაში ისრაელის ავიადარტყმას ჰანიეს სამი ვაჟი ემსხვერპლა. სამიზნე ავტომობილი გახდა, რომლითაც „ჰამასის“ ლიდერის ოჯახის წევრები მგზავრობდნენ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, იერიშის შედეგად ასევე დაიღუპა ჰანიეს სამი შვილიშვილი.