„ჰამასის“ ახლად არჩეული ლიდერი შუამავლებს ზეწოლის გაძლიერებისა და სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზაზე გადასვლის დაჩქარებისკენ მოუწოდებს

00:51, 23.07.2026

„ჰამასის“ ახლად არჩეული ლიდერი ხალილ ალ-ჰაია შუამავლებს ზეწოლის გაძლიერებისა და სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზაზე გადასვლის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, „ჰამასისთვის“ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს „საოკუპაციო ძალების მხრიდან აგრესიის, მკვლელობებისა და ტერორის სრულად შეწყვეტა და ღაზის სექტორიდან მათი ჯარების სრული გაყვანა“.

„მოვუწოდებთ მოლაპარაკებების პროცესის სპონსორ ქვეყნებს, განახორციელონ რეალური ზეწოლა ექსტრემისტულ, მემარჯვენე საოკუპაციო მთავრობაზე, რათა შესრულდეს ის, რაზეც შეთანხმება უკვე მიღწეულია და დაიწყოს მომდევნო ფაზაზე გადასვლის პროცესი. ღაზის სექტორში მცხოვრები ჩვენი ხალხისთვის ღირსეული ცხოვრება უნდა აღდგეს, ყველა შეთქმულება ჩაიშალოს, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც იძულებით გადაადგილებას ისახავს მიზნად და დაჩქარდეს აღდგენითი პროცესები. ვინაიდან ეს ჩვენი ხალხის განუყოფელი უფლებაა და არა ვინმესგან მიღებული საჩუქარი ან წყალობა. ის ვერანაირ ვაჭრობას, დათმობებსა თუ პოლიტიკურ პოზიციებს ვერ დაუკავშირდება. ღაზა პალესტინის განუყოფელი ნაწილია – ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე დარჩება”, – განაცხადა ხალილ ალ-ჰაიამ.

ამასთან, „ჰამასის“ ახლად არჩეული ლიდერი გამოვიდა ეროვნული დიალოგის დაწყების ინიციატივით, რომელიც მოიცავს ყველა პალესტინელს და უზრუნველყოფს „სრულ პოლიტიკურ პარტნიორობას“.

„მოვუწოდებთ ყველას ეროვნული დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებისა და პალესტინის ეროვნული ინსტიტუტების – პირველ რიგში კი, „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ – დემოკრატიულ საფუძვლებსა და ეროვნული კონსენსუსზე დაყრდნობით აღდგენის მექანიზმების შექმნისკენ. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს ყველა პალესტინელს და უზრუნველყოფდეს სრულ პოლიტიკურ პარტნიორობას გადაწყვეტილებების მიღებასა და ეროვნული სტრატეგიების შემუშავება-განხორციელებაში“, – აღნიშნა ალ-ჰაიამ.

მსგავსი