ჰალშტატში მასშტაბური ხანძრის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა
ჰალშტატში მასშტაბური ხანძრის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა

ავსტრიის ტურისტულ ქალაქ ჰალშტატში მასშტაბური ხანძრის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გერმანული გამოცემის ცნობით, დაშავებულია ერთი მეხანძრე, მოსახლეობამ კი, შენობების დატოვება დროულად მოახერხა.

ცეცხლმა ტბის პირას მდებარე ქალაქის ნაწილი დააზიანა. გავრცელებული ცნობით, საერთო ჯამში ოთხი შენობა დაზიანდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ცეცხლი ერთ-ერთ ხის შენობას გაუჩნდა, შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ შენობებს გადაედო. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების დროს ქალაქში მყოფ ტურისტებს შემთხვევის ადგილიდან თავი არიდებისკენ მოუწოდებენ.

ავსტრიის ქალაქი ჰალშტატი იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.