ჰაკერებმა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ათასობით სპეცაგენტის კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები მოიპოვეს, კიბერშეტევის ფაქტს საგამოძიებო ბიუროში ადასტურებენ

00:05, 26.09.2026

კიბერდამნაშავეები აცხადებენ, რომ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ათასობით სპეციალური აგენტის კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ჩაიგდეს ხელში.

„ბიბისის“ ცნობით, საუბარია სამედიცინო ტესტების შედეგებზე. მონაცემებს შორისაა სისხლისა და შარდის ანალიზების შედეგები, ასევე, ექიმების ჩანაწერები თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ჩანაწერებში მითითებული იყო აგენტების სრული სახელები და მისამართები, ასევე – ინფორმაცია ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.

ექსპერტების შეფასებით, კიბერშეტევამ შესაძლოა, აგენტები თაღლითობის, შანტაჟისა და მიზანმიმართული თავდასხმების საფრთხის წინაშე დააყენოს.

მოპარული ინფორმაცია  დამნაშავეებმა შესაძლოა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებად თავის გასასაღებლადაც გამოიყენონ.

მონაცემები ათასობით აგენტს ეხება, მათ შორის მაღალჩინოსნებსაც, მაგალითად, დირექტორის მოადგილეებს.

„როიტერის“ ცნობით, ზოგიერთი მონაცემი ეხება აგენტებს, რომლებიც რუსეთთან, ჩინეთთან და ნარკოკარტელებთან დაკავშირებულ გამოძიებებში მონაწილეობენ.

ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში კიბერშეტევის ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ინციდენტს „აქტიურად იძიებენ“.

კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა ShinyHunters-მა აიღო. ჯგუფის წევრების მტკიცებით, მათ საგამოძიებო ბიუროს სისტემები ორშაბათს გატეხეს, მოგვიანებით კი თავდასხმის დეტალები ინტერნეტში გამოაქვეყნეს.

ჰაკერებმა მოპარული მონაცემების ნიმუშები ჟურნალისტებს გაუზიარეს და საკუთარი მოთხოვნებიც გააჟღერეს. უჩვეულოა ის, რომ კიბერდამნაშავეები ფულს არ ითხოვენ. ამის ნაცვლად, ისინი საგამოძიებო ბიუროსგან მაისში გამოქვეყნებული გაფრთხილების გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც, მათივე მტკიცებით, შეურაცხმყოფელია.

ჰაკერები აცხადებენ, რომ თუ ფედერალური საგამოძიებო ბიურო მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ხუთ დღეში მონაცემებს სრულად გამოაქვეყნებენ.

მსგავსი