ჰაკან ფიდანი – თურქეთს, თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთის სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილება შეუძლია
თურქეთი აცხადებს, რომ თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთის სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილება შეუძლია.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთს იემენელი ჰუსიტების მხრიდან მიმდინარე თავდასხმების ფონზე, შესაძლოა, სამხედრო საჭიროებები ჰქონდეს და თურქეთი მზად არის, სამმხრივი თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში ქვეყანას დახმარება გაუწიოს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საუდის არაბეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე ძალიან სერიოზული თავდასხმები ხორციელდება. ჩვენ შეთანხმების ფარგლებში მოკავშირეები ვართ. მათ შესაძლოა გარკვეული სამხედრო საჭიროებები ჰქონდეთ, განსაკუთრებით ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მათი დაკმაყოფილება პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ფიდანმა.
სამმხრივი თავდაცვის შეთანხმება გასულ თვეში, თურქეთს, პაკისტანსა და საუდის არაბეთს შორის გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა სამივე ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმად ჩაითვლება.
ფიდანის თქმით, მიუღებელია საუდის არაბეთის აშშ-ირანის ომში ჩათრევა, რადგან საუდის არაბეთს კონფლიქტში ჩართვა არ სურს.
„ბევრი ინიციატივა არსებობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მხარეებმა უნდა მიიღონ. ახალი წინადადებებიც არის და იმედი მაქვს, რომ ისინი მათ დათანხმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი გარკვეულ ეტაპამდე მართვადი იყო, თუმცა მისი ეკონომიკური შედეგები უკვე იმ ზღვარს გასცდა, რომლის ატანაც შესაძლებელია”, – განაცხადა ფიდანმა.